ერთი ძალიან დიდი ხნის წინანდელი ახალი წელი მაქვს ჩარჩენილი გონებაში. ალბათ 7 ან 8 წლის ვიქნებოდი. 31-ში დილიდან დაიწყო თოვა. საღამოს უკვე მთელი ჩვენი ქუჩა გადათეთრებული იყო. დღესაც მახსოვს ბედნიერების მძაფრად შეგრძნების განცდა, როცა მე და ბაბუა საღამოს 10 საათისთვის გარეთ გავედით სასეირნოდ. ჩვენთან ერთად იყვნენ სხვა ბაბუები და შვილიშვილებიც(საერთოდ ასეთი ტრადიცია ქონდათ ბაბუაჩემს და მის მეგობრებს, ყოველ საღამოს გვასეირნებდნენ შვილიშვილებს. სხვათა შორის, ამ რამოდენიმე დღის წინ მე და ჩემმა ჯერ კიდევ იმდროინდელმა მეგობარმა, გარეთ სეირნობისას აღმოვაჩინეთ, რომ ზუსტად იგივეს ვაკეთებთ ჩვენც, როცა საღამოობით ვსეირნობთ ხოლმე, ოღონდ ჯერ-ჯერობით მარტო -შვილიშვილების გარეშე

ორივემ ერთად შევხედეთ ერთმანეთს და გაგვეცინა - თურმე ორივე ერთსა და იმავეზე ვფიქრობდით იმ წუთას - შორეულ ბავშვობაზე და ჩვენს ბაბუებზე, რომლებიც უსაზღვროდ გვენატრება.) ხოდა რას ვამბობდი, ძაან გადავუხვიე თემას.
ხოოო, ვისეირნეთ. ბაბუებმა დინჯად, ჩვენ გიჟებივით გადავირბინეთ ჩვენი პატარა ქუჩა, ვიგუნდავეთ, თოვლში ვიგორავეთ, დავსველდით, გავილუმპეთ და მეტად კმაყოფილები დავბრუნდით სახლში, სადაც არაჩვეულებრივი განწყობა და სურნელი დაგვხვდა. ისეთი არაფერი არ მომხდარა პრინციპში, თუმცა ის შორეული ბედნიერების განცდა ყოველთვის თან დამყვება.
ბევრად უფრო მხიარული ახალი წლებიც ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მეგობრებთან ერთად გატარებული (მათ შორის იმ შორეულ წლებში მოსეირნე შვილიშვილებიც ურევია

, მაგრამ 80-იანი წლების ის რომელიღაც ახალი წელი, თოვლთან ერთად რომ მოვიდა ჩვენს ქვეყანაში, არასოდეს დამავიწყდება. ალბათ მას მერე მიყვარს ახალი წელი ასე განსაკუთრებულად, უფრო სწორად კი ახალი წლის იმდროინდელი შეგრძნება.